“დაბრუნდი!”

Standard

პირველ ან მეორე კლასში იყო, მაგრამ უკვე შეეძლო დამოუკიდებლად ემგზავრა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მეტროს ვაგონები გაჩახჩახებული იყო ელექტროენერგიით, სახლში კი სანთლის შუქი, ნავთის სუნით გაჟღენთილი კერასინი და მოსიყვარულე დედა ელოდა. მატარებელი მარჯანიშვილს უახლოვდებოდა. ვაგონების ხმაური რომ მიწყდა და კარები გაიღო, მხოლოდ მაშინ შენიშნა დაახლოებით მისი ასაკის ბიჭი, რომელსაც დედა ართობდა, ეტიტინებოდა, კოცნიდა, აცინებდა. ბიჭუნაც ცდილობდა უძლური კიდურების დამორჩილებას და მის კისერზე ჩამოკონწიალებას. ტუჩებს ლოყაზე ადებდა, დედა თითქოს ხვდებოდა, რომ ის კოცნიდა. ბიჭს სახე ეღრიცებოდა , დედა ალბათ ხვდებოდა, რომ იგი უღიმოდა. ამ ფაქტის შემსწრეთ ბუნებრივია თვალზე ცრემლი მოადგათ, მაგრამ პირველი ან მეორე კლასელი გოგონა, მოალერსე დედა-შვილის შემყურე იჯდა და იღიმოდა. შეიძლება ეს ფაქტი ამდენი წლის შემდეგ არც ხსომებოდა, სახეზე ღიმილი (გარკვეული მიზეზის გამო) რომ არ გაყინვოდა. შოკიდან რომ გამოვიდა მეტროს კარები დაკეტილი იყო და მატარებელი თავისუფლების მოედნისკენ მიექანებოდა. ბავშვი კი იჯდა და კვლავ ეღრიცებოდა ტანჯვით სახე , მაგრამ ამჯერად არ ეღიმებოდა, არც ჰქონდა ამის მიზეზი. ცდილობდა ურჩი კიდურებით მეტროს სავარძლის სახელურს დაყრდნობოდა და წამომდგარიყო, დაწეოდა დედას ალბათ ჰკითხავდა – “რატომ?” ის კი ისევ  იჯდა, სხეული არ ემორჩილებოდა, მაგრამ ტირილის უნარი შესწევდა. მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა ლუღლუღით, რომელიც ძალიან ჰგავდა -“დაბრუნდის!”

ამასობაში ჩემი მეგობრის ჩამოსვლის დროც მოვიდა. დაღვრემილი მოდიოდა გზაზე, დაუყვა მთაწმინდის ქუჩებს და მთელი გზა სახლამდე და სახლშიც იმ უმწეო ბავშვზე ფიქრობდა. ის დღემდეც ფიქრობს მასზე. ასე რომ არ იყოს არც  წამოიწყებდა ამ ერთი კვირის წინ მასზე საუბარს – “იცი? დაახლოებით პირველ ან მეორე კლასში რომ ვიყავი, აი მაშინ მეცხრე ბლოკი რომ ითიშებოდა და სკოლაში მისულს ქურთუკზე, ქუდზე, ყველგან კერასინის “გამონაბოლქვის” სუნი რომ ამდიოდა და სახლში დაბრუნებულს  შუქი თუ დამხვდებოდა შავ-თეთრ ტელევიზორში “დარდუბალას” რომ ჩავუჯდებოდი…

– 🙂 მერე?

– აი მაშინ მეტროში ერთ სცენას შევესწარი…

Image

გზავნილი მომავალში

Standard

“ხელოვნება ამხელს იმ სიმართლეს, რასაც რეალობა მალავს”. მას ერთადერთს თუ არა ერთ-ერთს ძალუძს მისი საშულებით ითქვას სიმართლე, ყოველგვარი გალაქვის გარეშე. დღეს თითქმის არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, სადაც ხელოვნება არ იყოს მჭიდროდ დაკავშირებული ერის კულტურულ ტრადიციებთან და არ ისწრაფვოდეს, მისი საშუალებით ასახოს თავისი ქვეყნის პრობლემები. ამის განხორციელება მხოლოდ მართალი, ჭეშმარიტი ხელოვნების ქმნილებებით არის შესაძლებელი. სწორედ ეს არის საკითხავი: არის თუ არა ჭეშმარიტი ქმნილებები, ის რაც იქმნება დღეს ჩვენს ქვეყანაში ჩვენი თანამემამულე ხელოვანების მიერ?

რაც შეეხება კონკრეტულად კინემატოგრაფს, მას ხელოვნების რანგი იმ მომენტიდან ენიჭება, როცა ფილმში მთავარი გახდა არა დეკორაცია, ან ესა თუ ის კინოტრიუკი, არა ლამაზად გადაღებული ბუნება, ან ლიტერატურული ჩანაფიქრი და ტექსტი, არამედ უნარი რომელიც აღელვებს მაყურებელს აზრის სიღრმით და ემოციურად მოქმედებს მასზე, მხოლოდ და მხოლოდ კინოს სპეციფიკური საშუალებებით.

ქართულმა ხელოვნებამ თავის დროზე მოახერხა ერის კულტურის თავისებურებების გამოხატვა სწორედ სპეციფიკური კინემატოგრაფიული ენით. თავისი ხასიათით ქართული კინო უაღრესად ეროვნული იყო. Image

იმ ეპოქის მსახიობები, თუ რეჟისორები თავისებური, ინდივიდუალური ხერხებითა და საშუალებებით აღწევდნენ თავიანთ ქმნილებებში მხატვრულ სიმართლეს.

Image

სამწუხაროდ დღევანდელ ქართულ კინოში ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა. „მსგავსი მსგავსსა შობსო“ – ნათქვამია, მაგრამ საუბედუროდ გასულ საუკუნეში მოღვაწე მსახიობებისა და რეჟისორების მსგავსნი ჩვენს დროში, ძალიან ძნელად თუ მოიძებნებიან (თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისებს, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად ცოტაა, თავისუფლად შემიძლია გაზაფხულის ვერ მომყვან ერთ მერცხალს შევადარო )

Image

გასული საუკუნის კინემატოგრაფი იჭრებოდა ცხოვრების ყველა სფეროში, მას თავისი წვლილი შეჰქონდა ერის კულტურულ ცხოვრებაში, რის შედეგადაც იშვა ნამდვილი, მართალი ხელოვნება.Image

ხელოვნება წარსულის გამოცდილების გარეშე ვერ გაიზრდება, მაგრამ თუ იგი ახალი ნიშნებით არ გამდიდრდა და არ შეივსო, ის მოკვდება, რადგან ხელოვნებას არ შეუძლია მხოლოდ საკუთარი თავის გამეორებით ცოცხლობდეს. იგი ახალ რეალობებს უნდა ამკვიდრებდეს.

ცოტაზე მეტად კრიტიკული ნაწერი გამომივიდა, 🙂  მაგრამ არამგონია ჩემი მხრიდან რეალობის დასახიჩრებას ჰქონოდა ადგილი. მინდა იმედი დავიტოვო, რომ ეს უმოძრაობა დროებითია (არც გვაქვს მოდუნების უფლება ძლიერი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ერს) და ბოლო დროს შექმნილი მელოდრამატული თუ კრიმინალური ხასიათის კომერციული პროდუქციის პარალელურად შეიქმნება მეტად ღირებული ხელოვნება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კინო, რაც თამამად მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, რომ 21- ე საუკუნე ნამდვილი ხელოვნების შექმნით დაიწყო.

VOLVER – დაბრუნება

Standard

აქ ჯერ კიდევ ქართული დროშა ფრიალებდა. რაც უფრო შორდებოდა ანა მას, მით უფრო უცემდა მღელვარებისა და შიშისგან გული. ოცი წელი გავიდა იმ დღიდან რაც ამ ტერიტორიაზე ფეხი არ დაუდგამს. მაშინ ხუთის იყო და მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი თითქმის არ ახსოვდა, მისდამი ამაღლებული გრძნობა, ბავშვობაში შეყრილი, რასაც სიყვარულს ეძახიან დღემდე არ განელებია. უფრო და უფრო მატულობდა შიში, მაგრამ ანას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მამის უკანასკნელი თხოვნა აესრულებინა  – მისი კუბოსთვის სოხუმის მიწა მიეყარა. გამშვებ პუნქტს მიუახლოვდა თუ არა გოგონა კანკალმა აიტანა,  ათრთოლებული ხელით გაუწოდა რუსის ჯარისკაცს საბუთი, სადაც აღნიშნული იყო, რომ იგი სტუმრის სტატუსით ჩადიოდა სოხუმში. მისთვის მეგზურობა კი მამის მეგობარს უნდა გაეწია, რომელიც ენგურს გაღმა უცდიდა. მას უნდა წაეყვანა ანა სოხუმში, სადაც მშობლიური სახლი ელოდა. გაგებული ჰქონდათ, რომ მისი “დიასახლისი” უკვე აფხაზი ქალბატონი იყო, მაგრამ ანასთვის ამ სახლის დანახვაც და მისთვის ფოტოს გადაღებაც საკმარისი იყო, რათა მისი ყოფილი დიასახლისისთვის ეჩვენებინა იგი. ნახევარსაათიანი მღელვარება გამშვებ პუნქტთან იქვე მდგარი აფხაზი ჯარისკაცების, მიერ ანას მამის მეგობრამდე მიცილებით დასრულდა, მაგრამ უკვე სხვა სახის მღელვარებამ იჩინა თავი. ის  ახლა იმ მიწაზე იყო დაჩოქილი, სადაც ოცი წლის წინ მოძმე ხალხი ერთმანეთის სისხლს ღვრიდა.

გზად ანას არცერთი დეტალის გამოტოვება არ სურადა. სახე უღიმოდა. ის მის ნანატრ აფხაზეთში იწყებდა მოგზაურობას. სიხარულით გამოწვეული ემოცია უცებ შოკით შეეცვალა. ჯერ ერთი, შემდეგ მეორე, მესამე და ა.შ. ანას თვალწინ ომით გამოწვეული სისასტიკე იშლებოდა . გზად უამრავ მიტოვებულ და დამწვარ სახლს აწყდებოდა მისი შეშინებული თვალები. ზოგი ეზოდან არც მოჩანდა, მხოლოდ ჭიშკრით თუ მიხვდებოდი, რომ აქ ერთ დროს სახლი იდგა. ასე გაიარეს რამდენიმე სოფელი, გასცდნენ ოჩამჩირეს, იგი ხმაამოუღბლად იჯდა მანქანაში და იმ წუთებზე ფიქრობდა, როცა მისი სიზმრები გაცხადდებოდა. ის  სინამდვილეშიც შეძლებდა მშობლიური ქალაქის ქუჩებში გასეირნებას… სოხუმი აჭრელებული იყო სარეკლამო ბილბორდებით, სადაც ქართველებზე გამარჯვების ოცი წლისთავის შესახებ ეწერა.Image  ImageSAM_7497

დაეხეტებოდა ქალაქში და ხედავდა ყველაფერს თუ როგორ ეტყობოდა ომის კვალი და შემდეგ ამ კვალის შელამაზების მცდელობასაც რომ ჰქონდა ადგილი, მაგრამ ბუნებრივ სილამაზეს, რასაც ეს მხარე და ქალაქი ატარებდა ადამიანის ხელებისგან განადგურება და შემდეგ შელამაზება არ წერებია… და ტკბებოდა ანაც ამ სილამაზის ცქერით. ულამაზესი ხედები, რომლებიც ანას  მეხსიერებაში ფოტოებად იყო ჩარჩენილი მის თვალწინ ცოცხლდებოდა და ისიც შანსს არ უშვებდა ხელიდან ეს ყველაფერი ფოტოაპარატზე არ აღებეჭდა. თვალწინ ედგა მამა და დარდობდა მშობლიური მხარის უნახავად რომ უნდა მიბარებოდა მიწას.

SAM_7418SAM_7423

ანას თვალების გახელა არ სურდა, როცა მისი ქუჩისკენ მიმავალ გზას დაადგა. თავისუფლად შეიძლებოდა ამ ტერიტორიისთვის ტყე გეწოდებინა. მტრის ვერაგ ხელს ამ ქუჩაზე მცხოვრებთა არცერთი სახლი არ დაუნდია. ყველაფრის მიუხედავად ანა იმედს იტოვებდა, რომ მისი სახლი უვნებელი დახვდებოდა და მასში მცხოვრები აფხაზი დიასახლისი ერთ მუჭა მიწას გაიმეტებდა მიცვალებულის საფლავისთვის, მაგრამ აქაც საპირისპირო სურათი დაუხვდა. ხანძარს მხოლოდ ავტოფარეხი და კიბე გადარჩენოდა, სახლის ადგილზე კი უკვე ათწლოვანი ხეები იდგა. SAM_6839

მოდის ანა გზაზე, სადაც ჯერ კიდევ გუშინ იმ იმედით მოდიოდა, რომ მის სიზმრებში ნანახ მშობლიურ სახლს იხილავდა.როგორ უთხრას რამდენიმე დღის წინ დაქვრივებულ დედას ეს ყველაფერი.

SAM_7182

მიუახლოვდა საზღვარს, სადაც უკვე ქართველი ჯარისკაცები დგანან და ბოლოჯერ მოიხედა უკან. მის წინ აფახზური და ქართული დროშა გვერდიგვერდ იდგა. მათ მხოლოდ მცირე მანძილი აშორებდათ ერთმანეთს, მანძილი, რომელიც აფხაზეთს საქართველოსგან ჰყოფდა.

.SAM_7532

ბოლო კადრმა თითქოს იმედი გააღვივა მის გულში, იმედი იმისა, რომ მისი ქვეყნის დროშა მალე ამ მანძილს გაარღვევს და აფხაზეთშიც აფრიალდება!

და იშვა კინო!

Standard

– Bonjour Madame

– bonsoir 🙂

“გრან კაფეს” ინდურ სალონში ბეწვის ქურქიან და შლიაპებიან პარიზის ელიტას მეოყარა თავი. ყველა თანაბრად ელოდა რაღაც ექსპერიმენტს. ამ საღამოს ორგანიზატორები, ძმები – ოგიუსტი და ლუიც გამოჩდნენ, მედიდურად გადახედეს შეკრებილთ. ალბათ წინასწარ ხვდებოდნენ, მათი გამოგონება ახალს, ინოვაციურს რომ უყრიდა საფუძველს, რაც სიამაყის უფლებას მისცემდათ მომავალში.

შუქი ჩაქრა და მხოლოდ ახლა შენიშნა მაყურებელმა კედელზე გაკრული უზარმაზარი თეთრი ზეწარი. საზოგადოებამ გონებაშიც ვერ მოასწრო კითხვის დასმა, რომ ზეწარზე უცებ ლიანდაგი გაჩნდა. უცნაურია ცოტა არ იყოს, მაგრამ დაელოდება ხალხი შუქის ანთებას, რომ პასუხი მოსთხოვოს ძმებს ამ უმსგავსოვაზე. “ო, არა, ეს უკვე მეტისმეტ…” სიტყვა ვერ დაამთავრა ერთ – ერთმა მათგანმა, რომ ამ რელსებზე უკვე სწრაფი ტემპით ორთქმავალმა იწყო სვლა.

“თავს უშველეთ” – დაიყვირა დარბაზის ერთ ბოლოში მჯდარმა მამაკაცმა, მას მეორე მოყვა, მესამე და ჯერ კიდევ ორი წუთის წინ სავარძლებზე უწყინრად მსხდარი ადამიანების ჩურჩული, ბრბოს ჩოჩქოლს დაემსგავსა. მათ არაფერი შეეძლოთ ეღონათ გასასვლელისკენ თავქუდმოგლეჯით სირბილის გარდა, მაგრამ ვაი, რომ იქაც უშველებელი რიგი დაუხვდათ. ყველა ცდილობდა გაქცეოდა ამ რკინის “მონსტრს”. სადაცაა წამოეწევა… მოიცა, მან ჩაიარა? კი აშკარად, მაგრამ მას რომ ფიზიკურად დარბაზში არ გაუვლია? არა, კი გაიარა, თუმცა უცნაურია ამხელა ტრანსპორტმა როგორ შეძლო ამ პატარა დარბაზში დატევა? რა საგონებელში ჩააგდო ძმებმა ეს ნაღები საზოგადოება. უფრო გაბედულნი მიუახლოვდნენ ზეწარს, ხელით შეეხნენ, გაწიეს – გამოწიეს, მის მიღმა დაიწყეს თვალების ცეცება, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არანაირი მატარებლის კვალს არ წააწყდნენ. 😀 😀

შეიძლება ჩვენს საუკუნეში სკეპტიკურად ვუყურებთ მაშინდელი ინტელიგენციის საქციელს, მგრამ შეგახსნებთ, რომ ეს მოხდა 1895 წლის 28 დეკემბერს, მაშინ როდესაც სიტყვა – “კინოს” დაბადებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო.

ძმები ლუმიერები კი იყვნენ  პირველები, ვინც უძრავ კედელს სული შთაბერეს: შემოიყვანეს ორთქმავალი, ბიჭუნას მებაღე გააწუწინეს, გვაჩვენეს ქარხანაში მომუშავე ხალხის ყოველდღიური ყოფა და ეს ყველაფერი აწ უკვე წარსულში “უსულო კედელზე”. ლუმიერებისეული “ჯადოსნური”  კედელი ადამიანების ცხოვრებას, დოკუმენტალიზმს აცოცხლებდა მათსავე წინაშე. 1895 წლის 28 დეკემბერის საღამოს “გრან კაფეში” შეკრებილი საზოგადოება კი გახდა მომსწრე ისტორიული თარიღისა, ვინაიდან მათ თვალწინ იშვა მომავალში მეშვიდე ხელოვნებად წოდებული – კინემატოგრაფი! http://youtu.be/1dgLEDdFddk

პირველი ემოცია, ანუ-ჟამი, ოდეს თავი ჩემი შევიცანი

Standard

ადამიანი? _ იგი გენიალური პასკალის თქმისა არ იყოს, მართლაც და, რომ – “ბუნების ყველაზე დიდი ქმნილება და სასწაულია”. მხოლოდ ამ არსებას ძალუძს სხვა არსებულთა შორის იაზროვნოს, გადმოსცეს სიხარული თუ მწუხარება სიტყვებით, ისაუბროს თავის მომავალ მიზნებზე, აწმყოზე, რომელმაც მას ამ მიზნების მიღწევაში ასე, თუ ისე ხელი უნდა შეუწყოს, მოიგონოს წარსული, როგორც ცხოვრების განვლილი ეტაპი, გაიხსენოს ბავშვობის უდარდელი, თუ ტკივილიანი წლები, ან ჩაწვდეს იმ უშორეს წარსულს, როდესაც თავი თვისი შეიცნო. მე კი შევეცდები ჩავწვდე გონების სიღრმეს და გავიხსენო ის ყველაზე შორი წარსული ჩემი ცხოვრებიდან, საიდანაც ვახსოვარ ჩემს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე ფოტოობიექტივზე აღბეჭდილ რამდენიმე კადრად მახსოვს, მაინც შევეცდები ის რამდენიმე კადრი ისე აღვწერო, მკითხველს დარჩეს განცდა, თითქოს ერთი პატარა გოგონას სევდისმომგვრელი ფოტობის დათვალიერების ნაცვლად, სრულმეტრაჟიან ფილმს ადევნებდეს თვალს, ჟანრი კი რათქმაუნდა დრამა უნდა იყოს. ეს 1993 წლის 30 სექტემბრის საღამოს მოხდა. ჩვენი სახლის კართან ვიღაც იძახდა. ის ბიძაჩემი იყო, რომლის ნახვაც ამ შუაღამისას ოჯახის წევრებს ძალიან გაუკვირდათ.ამ გაუგებრობასაც მალე ნათელი მოეფინა მის მიერ წარმოთქმული ავადსახსენებელი სიტყვებით: „ომი დაიწყო!“ დედას ვკითხე: „დე რა არის ომი?“ მან კი მიპასუხა: „ეს ყველაზე სასტიკი რამ არის!“ (მაშინ ჩემთვის ამის ახსნის თავი არავის არ ჰქონდა). თავიდან ამ ყველაფრის აღქმა ძალიან გამიჭირდა, რადგან არ ვიცოდი, თუ რა იყო „სასტიკი“. მე ხომ მანამდე არ გამიგია მსგავსი სიტყვა, მითუმეტეს ოთხი წლის ბავშვისთვის ამის გაცნობიერება ცოტა არ ოყოს რთულია. მიუხედავად ამისა, შემდეგ რამოდენიმე საათებში, დღეებში,თვეებსა და ბოლოს უკვე წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახადა და სიტყვა „ომის“ და მასთან ერთად „სასტიკის“ არსსაც ჩავწვდი. მე კი ისევ იმ წუთებს დავუბრუნდები, როდესაც ჩემთვის ომის სისასტიკის მნიშვნელობა ჯერ კიდევ უცხო იყო. დაახლოებით ერთ საათში უკვე მზად ვიყავით დაგვეტოვებინა სახლ – კარი. მანქანაში ჩემოდნებზე დამსვეს, ჩემებიც მოთავსდნენ და დრო დადგა ბაბუაჩემის წამოსვლის, მაგრამ იგი ეზოს კარის ზღურბლს არ გადმოსცდენია.მახსოვს ჩემი, და მანქანიდან გადმოხტა და ბაბუას ჩაეხუტა, ეხვეწებოდა წამოსულიყო.  ის კი მოეფერა, დაამშვიდა და დააიმედა, რომ ისეთი არაფერი ხდება და ორ დღეში უკან მოგიწევთ დაბრუნებაო. სხვა რა გზა გვქონდა, დავტოვეთ ბაბუა და წამოვედით. ენგურის ხიდს რომ მივუახლოვდით,თითქოს დედის მიერ წაკითხული აღმოსავლური ზღაპრის გმირები გაცოცხლდნენ ჩემს თვალწინ. ხიდზე უზარმაზარი სპილოების ტევა არ იყო, რომლებზეც ნიღბიანი შაჰები იყვნენ ამხედრებული. სიტუაციაში მამაჩემმა გამარკვია: „ ესენი სპილოები კი არა ტანკებია, ნიღბიანები შაჰები კი აფხაზებიო “. ეს ის ბოლო კადრია, რითაც აფხაზეთი დამამხსოვრდა.

ენგურს აქეთ ნათესავებს შევეკედლეთ, რამოდენიმე დღე მამაჩემი ტყუილუბრალოდ ცდილობდა ბაბუას გადმოყვანას, ის იქ დარჩა და დარჩა ბოლომდე. თავისი კუთხის, სოფლის და ოჯახის სიყვარულს შესწირა თავი. 11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში, სასტიკი წამებით მოკლეს იგი. ოჯახმა რამოდენიმე წელიწადში გადაწყვიტა საკუთარ ფესვებს დაბრუნებოდა. იქ თითოეულ კუნჭულს ომის კვალი ეტყობოდა. არ გვეყო ამდენი უბედურება, რომ 1998 წელს კიდევ ერთი სისხლისღვრა დაემატა ამ ყველაფერს. ჩვენ მეორედ მოგვიწია ოჯახის დატოვება.

1993 წლიდან დღემდე მოვდივართ ასე, უამრავ ტანჯვა გადატანილები, იმ იმედით, რომ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდება, ეს შუქი კი იქნება ნიშანი იმისა, რომ საქართველოს გახლეჩილმა რუკამ საბოოლოდ აღიდგინა თავი. მანამდე კი არცერთმა ჩვენთაგანმა არ დავკარგოთ იმედი, რომ – ჩვენ დავბრუნდებით!

მოქალაქე ჟურნალისტი – სალომე ქორთუა

Standard

მოგესალმებით! მე ვარ სალომე. დავიბადე 1989 წლის 16 იანვარს. ვარ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდან. შეიძლება ბევრი შემედავოს რაღა მაგის სილამაზეა ამდენი ომისა და გაჩანაგებული სოფლებისა და ქალაქების შემდეგო, მაგრამ იქ, სადაც ადამიანის ვერაგ ხელს არ შეუძლია ზიანი მიაყენოს ღმერთის და არა თავად ადამიანის მიერ შექმნილს, თავისუფლად შეგვიძლია ვიდავოთ და ჭეშმარიტებაც დავბადოთ ამ დავაში, რომ აფხაზეთს იმ სილამაზეს, რაც ღმერთისგან აქვს ბოძებული ვერავინ წაართმევს, თავისი მთითა და ზღვით, სოხუმითა და ოჩამჩირით. შეიძლება გაფეტიშებაშიც ჩამომართვათ, მაგრამ ისე ლამაზად მზეც არსად ჩადის , როგორც აფხაზეთში. ცოტა თემიდან გადახვევა გამომივიდა, დავუბრუნდები ისევ ჩემს თავზე საუბარს. დავამთავრე სკოლა აფხაზეთში. ჩავაბარე თბილისში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფესიით ვარ კინომცოდნე. წელს ჩავაბარე მაგისტრატურაზე და ვაპირებ შევეჭიდო ერთ – ერთ რთულ და საპასუხისმგებლო პროფესიას – გავხდე რეჟისორი. მიყვარს ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა, მეგობრები, დისშვილები, მოკლედ ყველა და ყველაფერი ის, რაც დადაებითი ემოციებით მავსებს… არ მიყვარს, როგორც უმრავლესობას ალბათ უსამართლობა და ვცდილობ გავილაშქრო ( რაც არ უნდა უმცირესობაში ვიყო) მის წინააღმდეგ. არც საკუთარ თავზე მიყვარს საუბარი, მხოლოდ კითხვა – პასუხის რეჟიმში თუ ამალაპარაკებენ. შესაბამისად რომ ვაკვირდები უკვე საკმაოდ მისაუბრია ჩემზე, რაც იშვიათობაა. აქედან გამომდინარე მოდი მოვრჩები თვითდახასიათებას და გადავალ მორიგ ეტაპზე. რადგან ძალიან ზოგადი თემა მაქვს არჩეული, თავი ქუდში მგონია. რამდენად გამომივა ეს უკვე თქვენ განსაჯეთ. დავწერ ალბათ კინოზე, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე ზოგადად. თუნდაც იმაზე, თუ როგორ გადაიყვანა ჩემმა ექვსი წლის დისშვილმა ბრმა ქუჩაზე და ამ ფაქტით ატირებული მოხუცი ბებო როგორ უკოცნიდა მაშოს პატარა ხელებს. გამოვაქვეყნებ თავისუფალ თემებსაც, სადაც ხშირად იქნება მთვარი მოქმედი გმირი ჩემი ლამაზი აფხაზეთი. პირველ თემაში კი ომის ღამეზე და შემდგომ განვითარებულ  მოვლენებზე ვისაუბრებ. ეს ის ღამეა, საიდანაც იწყება ჩემი მეხსიერების ათვლის წერტილი.