პირველი ემოცია, ანუ-ჟამი, ოდეს თავი ჩემი შევიცანი

Standard

ადამიანი? _ იგი გენიალური პასკალის თქმისა არ იყოს, მართლაც და, რომ – “ბუნების ყველაზე დიდი ქმნილება და სასწაულია”. მხოლოდ ამ არსებას ძალუძს სხვა არსებულთა შორის იაზროვნოს, გადმოსცეს სიხარული თუ მწუხარება სიტყვებით, ისაუბროს თავის მომავალ მიზნებზე, აწმყოზე, რომელმაც მას ამ მიზნების მიღწევაში ასე, თუ ისე ხელი უნდა შეუწყოს, მოიგონოს წარსული, როგორც ცხოვრების განვლილი ეტაპი, გაიხსენოს ბავშვობის უდარდელი, თუ ტკივილიანი წლები, ან ჩაწვდეს იმ უშორეს წარსულს, როდესაც თავი თვისი შეიცნო. მე კი შევეცდები ჩავწვდე გონების სიღრმეს და გავიხსენო ის ყველაზე შორი წარსული ჩემი ცხოვრებიდან, საიდანაც ვახსოვარ ჩემს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე ფოტოობიექტივზე აღბეჭდილ რამდენიმე კადრად მახსოვს, მაინც შევეცდები ის რამდენიმე კადრი ისე აღვწერო, მკითხველს დარჩეს განცდა, თითქოს ერთი პატარა გოგონას სევდისმომგვრელი ფოტობის დათვალიერების ნაცვლად, სრულმეტრაჟიან ფილმს ადევნებდეს თვალს, ჟანრი კი რათქმაუნდა დრამა უნდა იყოს. ეს 1993 წლის 30 სექტემბრის საღამოს მოხდა. ჩვენი სახლის კართან ვიღაც იძახდა. ის ბიძაჩემი იყო, რომლის ნახვაც ამ შუაღამისას ოჯახის წევრებს ძალიან გაუკვირდათ.ამ გაუგებრობასაც მალე ნათელი მოეფინა მის მიერ წარმოთქმული ავადსახსენებელი სიტყვებით: „ომი დაიწყო!“ დედას ვკითხე: „დე რა არის ომი?“ მან კი მიპასუხა: „ეს ყველაზე სასტიკი რამ არის!“ (მაშინ ჩემთვის ამის ახსნის თავი არავის არ ჰქონდა). თავიდან ამ ყველაფრის აღქმა ძალიან გამიჭირდა, რადგან არ ვიცოდი, თუ რა იყო „სასტიკი“. მე ხომ მანამდე არ გამიგია მსგავსი სიტყვა, მითუმეტეს ოთხი წლის ბავშვისთვის ამის გაცნობიერება ცოტა არ ოყოს რთულია. მიუხედავად ამისა, შემდეგ რამოდენიმე საათებში, დღეებში,თვეებსა და ბოლოს უკვე წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახადა და სიტყვა „ომის“ და მასთან ერთად „სასტიკის“ არსსაც ჩავწვდი. მე კი ისევ იმ წუთებს დავუბრუნდები, როდესაც ჩემთვის ომის სისასტიკის მნიშვნელობა ჯერ კიდევ უცხო იყო. დაახლოებით ერთ საათში უკვე მზად ვიყავით დაგვეტოვებინა სახლ – კარი. მანქანაში ჩემოდნებზე დამსვეს, ჩემებიც მოთავსდნენ და დრო დადგა ბაბუაჩემის წამოსვლის, მაგრამ იგი ეზოს კარის ზღურბლს არ გადმოსცდენია.მახსოვს ჩემი, და მანქანიდან გადმოხტა და ბაბუას ჩაეხუტა, ეხვეწებოდა წამოსულიყო.  ის კი მოეფერა, დაამშვიდა და დააიმედა, რომ ისეთი არაფერი ხდება და ორ დღეში უკან მოგიწევთ დაბრუნებაო. სხვა რა გზა გვქონდა, დავტოვეთ ბაბუა და წამოვედით. ენგურის ხიდს რომ მივუახლოვდით,თითქოს დედის მიერ წაკითხული აღმოსავლური ზღაპრის გმირები გაცოცხლდნენ ჩემს თვალწინ. ხიდზე უზარმაზარი სპილოების ტევა არ იყო, რომლებზეც ნიღბიანი შაჰები იყვნენ ამხედრებული. სიტუაციაში მამაჩემმა გამარკვია: „ ესენი სპილოები კი არა ტანკებია, ნიღბიანები შაჰები კი აფხაზებიო “. ეს ის ბოლო კადრია, რითაც აფხაზეთი დამამხსოვრდა.

ენგურს აქეთ ნათესავებს შევეკედლეთ, რამოდენიმე დღე მამაჩემი ტყუილუბრალოდ ცდილობდა ბაბუას გადმოყვანას, ის იქ დარჩა და დარჩა ბოლომდე. თავისი კუთხის, სოფლის და ოჯახის სიყვარულს შესწირა თავი. 11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში, სასტიკი წამებით მოკლეს იგი. ოჯახმა რამოდენიმე წელიწადში გადაწყვიტა საკუთარ ფესვებს დაბრუნებოდა. იქ თითოეულ კუნჭულს ომის კვალი ეტყობოდა. არ გვეყო ამდენი უბედურება, რომ 1998 წელს კიდევ ერთი სისხლისღვრა დაემატა ამ ყველაფერს. ჩვენ მეორედ მოგვიწია ოჯახის დატოვება.

1993 წლიდან დღემდე მოვდივართ ასე, უამრავ ტანჯვა გადატანილები, იმ იმედით, რომ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდება, ეს შუქი კი იქნება ნიშანი იმისა, რომ საქართველოს გახლეჩილმა რუკამ საბოოლოდ აღიდგინა თავი. მანამდე კი არცერთმა ჩვენთაგანმა არ დავკარგოთ იმედი, რომ – ჩვენ დავბრუნდებით!

2 thoughts on “პირველი ემოცია, ანუ-ჟამი, ოდეს თავი ჩემი შევიცანი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s