შეცდომებზე ნასწავლი ცხოვრება!

Standard

tumblr_mwq6r746ES1rl50hno1_400

დედამიწა ბრუნავს!ბრუნავს, მაგრამ თემოს ვერ გაუგია წაღმა ბრუნავს იგი, თუ პირიქით…ნივთები ჰაერში დაფრინავს, თემოს პატარა საკუჭნაო… ჭაღმა, თუ შეიძლება მას ჭაღი ეწოდოს ფეხები გამოიდგა და გარბის… მაგდამ კედებს ცეცხლი წაუკიდა და გაუწოდა თემოს – ჩაიცვი და დროზე გაიქეციო… ისევ თემოს პატარა საკუჭნაო… ჭუჭყისგან თითქმის გაშავებული და ერთ დროს თოვლივით თეთრი ფარდა უცებ ხალიჩად გადაიქცა და თემოს ფეხებთან დაიგო… დედის სიტყვები: „იცხოვრე ისე, რომ სიბერეში უკან მოხედვის არ შეგრცხვეს!“ პატარა საკუჭნაომდე კი ფული, ბევრი ფული… ქალები, ბევრი ქალები. მაგდა უკვე დაფეხმძიმებული, თემომ ის დაიკიდა, უყვარდა , მაგრამ მაინც დაშორდა… ბავშვი? გოგონას მუცელი მოეშალა? არა აბორტი გაიკეთა… მანამდე კი დედის მოულოდნელი გარდაცვალება… სიკვდილი- მაგდას სიკვდილიც… აბორტის შედეგად სიკვდილი… მაგდამ ისევ გაუწოდა კედები, ნახევრად დამწვარი: ჩაიცვი და გაიქეციო. ძალიან მოკლე დროში გამდიდრება, ბევრი ფული, გართობა, სიგიჟე, სიგიჟე… მეგობრები, რომლებსაც მან ზურგი აქცია, არა და გიოს როგორ სჭირდებოდა მისი დახმარება, თემო კი ამაზე არც დარდობს…
ღამის ორი საათი, ბუნებრივია ბნელა, მაგრამ ქალაქის ერთ- ერთი ცენტრალური უბანი რათქმაუნდა განათებულია. თემოს ზურგს უკან კი რაღაც ციმციმებს, ასოები პერიოდულად ინთება და ქრება… ძალიან ბევრი წაგებული ფული!!! დედის სიტყვები: „იცხოვრე ისე, რომ სიბერეში უკან მოხედვის არ შეგრცხვეს!“
წამალი, ბევრი წამალი, თავისთავად კაიფი, მერე ლომკა, ისევ კაიფი. მეგობრები მის დახმარებას ცდილობენ, ის კი არავის იკარებს, მას არ უნდა მეგობრები ჰყავდეს… ბარის მოცეკვავე ქალი… დარჩენილი ფული მან მოჰპარა და “დაადო” როგორც წესი… დედის სიტყვები: „იცხოვრე ისე, რომ სიბერეში უკან მოხედვის არ შეგრცხვეს!“ ბოლოს და ბოლოს დაფიქრება მშობლის სიტყვებზე… მთელი ცხოვრება თვალწინ გაურბენს – სხვისი ძარცვა, ტანჯვა, წამება… ძალიან მოკლე დროში ძალადობით მოპოვებული სიმდიდრე… მაგდა! მისი სიკვდილი, დედის სიკვდილი, წამალი, ტოტალიზატორი, ბარის მოცეკვავე ქალი… პატარა საკუჭნაო, მერე იქედანაც გამოგდება. თემო ვერ სუნთქავს…
პარკი! დილის რვა საათი, ერთი სკამი ცარიელი, მეორეც ცარიელი, მესამეც, თუმცა არა, ვიღაც წევს, ოფლში იწურება, მას ალბათ კოშმარი ესიზმრება. – არა მაგდა ვერ ჩავიცმევ, დავიწვები! დედა, მაგდა მაპატიეთ, გიო შენც მაპატიე… დავიწვები მაგდა…
გამოეღვიძა, მაგრამ განსხვავება არ შეუმჩნევია რეალობასა და კოშმარს შორის, მან ხომ სიზმარში მისი განვლილი ცხოვრება ნახა… ატირდა, მერე ადგა, ბორგვისას ჩამძვრალი და სიძველისგან დაფლეთილი შარვალი, რომლის შესაკრავის როლს ახლა ალუმინის ჯაჭვი ასრულებდა, წელზე დაიდო, დახეული კეტების ჭუჭყიანი თასმა შეიკრა და წავიდა. დედის საფლავზე ავიდა, ბევრი იტირა, მოუბოდიშა, საფლავის ქვის გვერდით ჩაბეტონებულ ჯვარს მოკრძალების ნიშნად ხელით შეეხო… დედის ფოტო გულის ჯიბიდან ამოიღო, მას მაგდას ფოტოც ამოყვა, ორივეს ეამბორა, შემდეგ მაგდას საფლავზეც ავიდა, მოინანია, ფაქტიურად თემომ მისი უყურადღებობით უბიძგა გოგონას, რომელსაც დიდძალი სურვილი ჰქონდა იგი მამად ექცია ,აბორტისკენ, ამ ყველაფერს კი ასეთი სავალალო შედეგი მოჰყვა… წავა, აუცილებლად წავა…მას გამოსწორების შანსი ეძლევა.
რამდენიმე დღის შემდეგ, თემო თბილისის მერიიდან გამოვიდა, მეორე დღეს დაიბარეს, ხელში პარკი გადასცეს და უთხრეს: „ხვალიდან საქმეს შეუდგებით“. ის ისევ დაფიქრდა დედის სიტყვებზე… პარკი გახსნა და იქიდან ნარინჯისფერი ჟილეტი ამოიღო, რომელსაც ზურგზე ფიროსმანის ტილოს მოხუცი გმირი ეხატა და წრიულად ეწერა: „ვარ ჩემი ქალაქის მეეზოვე“!

tumblr_mwqbhsTZKZ1s9clp2o1_500

მძიმე ხვედრი

Standard

Image

“შენც წამოდი რა ბაბუ! გეხვეწები რა” – მაგრამ ბაბუა უძრავად იდგა ჭიშკართან და აწყლიანებული თვალებით უყურებდა თეკოს. მისმა მუდარით სავსე სიტყვებმაც ვერ დაიყოლია თავის მიწა – წყალზე უზომოდ შეყვარებული ბაბუა. მანქანის კარი დაიხურა, ფანჯარაც აიწია, იქიდან მომზირალი შვილიშვილების მზერას ბაბუამ ვერ გაუძლო და თავი ჩაქინდრა. ბოლოჯერ შევხედეთ მას და ავტომობილიც დაიძრა. ჩვენ საკუთარ ქვეყანაში დევნილობა გველოდა, ბაბუას კი…

დარჩა სრულიად მარტო, რეგიონში თუ არა მთელს სოფელში მაინც. მიუხედავად ამისა არცერთი წუთით არ შეუპყრია შიშს. მას მისი ოჯახი უყვარდა, მისი კუთხე სტკიოდა და სწორედ ეს აძლებინებდა იმ რთულ პერიოდში დაცარიელებულ სოფელში. ყოველდღე გვითვლიდა ოჯახს, რომ არ ეშინოდა და ყველაფერი როგზე იყო. ჩვენი დევნილობის მეთორმეტე დღეს მამამ გადაწყვიტა მდინარე ენგურით სოფელში გადასვლა და როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა გაეწია ბაბუას მისი სამშვიდობოს გადმოყვანა.

ღია ჭიშკარი ცუდად ენიშნა მამას. ირგვლივ გამაყრუებელი სიჩუმე იდგა. ჭიშკრიდან სახლამდე გასავლელი გზა ბევრად უფრო რთულად ეჩვენებოდა იმ გზაზე, რომელიც მან ტყითა და მდინარით გამოიარა. ავისმომასწავებელი მინიშნებები ელვის სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს… სახლი ცარიელი იყო. მისაღებ ოთახში მაგიდა წაქცეული, რომლის ქვეშ მოყოლილი ჭიქები ნამსხვრევებად იყო ქცეული. მისთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო, მაგრამ ცდილობდა იმედი მაინც არ დაეკარგა. თხილნარისკენ გზას დაუყვა და შორიდან ბოსელთან მირჭობილ სისხლიან დანებს მოჰკრა თვალი. “დაღამდა”… გამოფხიზლებულ მამას ისღა დარჩენოდა ცხედარი ეპოვა, მაგრამ მისი ძებნის პერიოდმა შვიდი თვე მოიცვა.

გაირკვა, რომ ბაბუა 11 ოქტომბერს აწამეს საკუთარ სახლში. ერთი დღით ადრე მამას ჩასვლიდან. სამი თვის შემდეგ მდინარე ენგურში მოტივტივე მისი სხეული კეთილსინდისიერმა აფხაზმა მიწას მიაბარა. უცნობი ჯარისკაცების გვერდით ოთხი თვე იყო დასაფლავებული, რის შემდეგაც მამას ძებნამ შედეგი გამოიღო.

ჩემი ოჯახი დღესაც აფხაზეთში ცხოვრობს.ნაპარტახალ სოფლებსა და დანაცრებულ სახლებს შორის, მაგრამ ჩვენ არ მივატოვებთ ბაბუას საფლავს, არ მივატოვებთ მიწას, რომლის სიყვარულსაც მისი სიცოცხლე სასტიკი წამებით შეეწირა…

მას გამოუვიდა, ვეცადოთ ჩვენც! (ვიყოთ ადამიანები)

Standard

“ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა” – წერს გენიალური ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი მის ქალიშვილს. მართლაც და რომ გენიოსის ნახელავია ეს წერილი, ყოველი არამცთუ სიტყვა, მძიმე და წერტილიც სულში ჩამწვდომია, დამაფიქრებელია. წერს ჯერალდინას, მაგრამ ამ გენიამ იცის თითქოს, რომ მისი ეს წერილი მალე სახალხო გახდება და გვასწავლის ჩაპლინიც ყველა ჩვენგანს ჭკუას, გვმოძღვრავს, გვაკრიტიკებს, წარმატებისგან ცამდე აჭრილებს მიწის ფეხებით შეგრძნებისკენ მოგვიწოდებს და თუ არ მოვუსმინეთ და ერთხელაც ფრთები მოგვეკეცა, ხელს გვიწვდის და წამოდგომაში გვეხმარება. ეს იყო ადამიანი, რომელიც ხმალამოღებით ებრძოდა ნაციზმს, უსამართლობას, სიღარიბეს. მისი ესა თუ ის ქმდება ბავშვური ქცევის ლოგიკამდეა დაყვანილი, შენც გაგეცინება მის მიამიტობაზე, მაგრამ მეორე წამს დაფიქრდები და მიხვდები იმ უზარმაზარ აზრს, რომელიც მან თითოეულ (ამ მიამიტურ საქციელში)  დეტალში ჩადო. http://www.youtube.com/watch?v=IJOuoyoMhj8&feature=youtu.be

ან რა პლასტიკა და მიმიკაა ნაჩვენები მის “ფუნთუშების ცეკვაში” , იტყვი – რა უნდა? ჩაარჭობ ჩანგლებს ბულკებში და ცდილობ მომღიმარი სახით იგივეს გამეორებას, მაგრამ სულ ტყუილად. შენი ფუნთუშები რიტმის შეუგრძნობლად “მიმოდიან” მაგიდაზე, ან უარეს შემთხვევაში უგზო – უკვლოდ მიგორავენ იატაკზე. http://www.youtube.com/watch?v=xoKbDNY0Zwg&feature=share&list=PLD1B59DADDC7BC538

მისი იმიჯი ცალკე აღებული რად ღირს, გარეგნული სახე, რომელიც არასოდეს მიეცემა დავიწყებას: თავზე ძლივს დატეული ქოთანივით ქუდი, თითქმის ყელამდე აზიდული შარვალი, 5 ზომით პატარა კოსტუმი, უშველებელი ფეხსაცმელები, ამას დამატებული ცხვირს ქვემოთ პატარა ულვაში და გენიალური კომიკოსის  ე. წ. “ობრაზიც” მზად არის.Image

ზემოთ ნათქვამი ზღვაში წვეთია იმ უსაზღვრო შესაძლებლობებსა და ნიჭთან შედარებით რასაც იტევდა ჩაპლინის გონება და სხეული. ან რა უნდა ვთქვა ისეთი, რაც გააოცებს მკითხველს, ის ხომ ჩაპლინია და ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩემი მიზანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მისი ქალიშვილისადმი მიწერილი წერილის ჩემს ბლოგზე განთავსება იყო და გიტოვებთ მეც ამ ვეებერთელა (დიდად არ მსიამოვნებს სიტყვების აღმატებულ ხარისხში წერა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ისინიც კი სუსტნი არიან ამ ადამიანის დახასიათებისას) აზრის დამტევ წერილს, რომელიც ვფიქრობ ცხოვრების გაკვეთილად ყველას გამოგვადგება…

Charlie-Chaplin-silent-movies-13775696-1265-1600

                                                                      წერილი ჯერალდინას!

ჩემო გოგონა,

ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.

შენ ისე შორს ხარ ჩემგან… მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს.შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ.

ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ.იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე.

მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას.მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!

… იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი:’’გამშორდი’’! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს , ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში:”ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?”

ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა.

დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა , დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის.

გაფრინდი, გაფრინდი იქით… მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება_ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ!

მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი:”ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?” შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა… იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია… ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი … მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი!

მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკიანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.

შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…

… ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის მძღოლს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხდძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ რომ თავიანთი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში.

მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე!

დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი:”მეც ერთ–ერთი ამათგანი ვარ!’

დიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა.

ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს… როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს_შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა.დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს:ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს…

ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ… მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს – ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა…

ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრაჩემო გოგონა… ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე.

შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.

ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული…

სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი… სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და შემოსილი უნდა დაბრუნდე…

მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს.

რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს… ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო…

მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი,_ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.

ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე_იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი.

მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.

გკოცნი, ჯერალდინა

შენი ჩარლი

 Image

მარად გამჭრიახი მეგრელები – ანუ არცერთი რუბლი ზუგდიდიდან გალში :D

Standard

Image

ჩემს ბლოგებს რომ გადავხედე, თითქმის ყველა მათგანში  სევდა და ტრაგიზმი ამოვიკითხე, დღევანდელი, თუ წარსულის რეალობით გამოწვეული ტრაგიზმი. როცა ვფიქრობდი რაზე დამეწრა, რომ ეს სევდიანი ხაზი იუმორით გამეგრძელებინა, გონებაში ერთი კურიოზი ამომიტივტივდა.

მოკლედ, ყველამ იცით, რომ აფხაზური პასპორტის არმქონეთ რა რთულ პირობებში უწევთ გადაადგილება სამეგრელოდან აფხაზეთში და პირიქით. ისინი შემოვლითი გზებით ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას და თუ რუსი საზღვრისდამცველების მხედველობისთვის აუცილებელი ორგანო რომელიმე მათგანს დააფიქსირებს, იქ უკვე რთულადაა საქმე. ისინი აკავებენ “არალეგალურად” გადაადგილებულ პირს, მიჰყავთ გალის “მილიციის” განყოფილებაში და იქ რამდენიმე საათის დაკავების შემდეგ ათავისუფლებენ ე.წ. პატიმრობიდან. დამეთანხმებით მეტად არასასიამოვნო მდგომარეობაში ვარდებიან ჩვენი “არალეგალები”, მაგრამ ჩემი ნათესავი (პირობითად მერაბი), რომელიც გალში ცხოვრობს, ამ უსიამოვნო შემთხვევასაც ცდილობს დადებითი მხარე მოუძებნოს, წყლიდან მშრალად ამოვიდეს და ეს მეთოდი “პრაქტიკაშიც დანერგოს” 🙂  – იგი ყველა მის კეთილისმსურველ უპასპორტო ადამიანს ურჩევს ასე მოიქცეს.

მოკლედ, როცა ზუგდიდში უწევს გადასვლა, ძალიან ფრთხილობს და რაღაც მანქანებით მუდმივად უსხლტება ხელიდან საზღვრის დამცველებს, მაგრამ საპირისპიროდ იქცევა უკან მობრუნების დროს. სახლში მიმავალი მერაბი მუდმივად მათი მსხვერპლი ხდება (შეგნებულად 🙂 ). მისი ეს ქმედება კი ასე აიხსნება: “თუ ზუგდიდიდან მიბრუნებულს საზღვარზე გადავრჩი, მიწევს ტაქსის გამოძახება, ვინაიდან იმ ტერიტორიაზე ტრანსპორტი იშვიათად მოძრაობს. მე კი ამ ტაქსის გამოძახება დაახლოებით 400 რუბლი მიჯდება. ამას არ ჯობია დავენახო იმ ადამიანებს და ეს გზა უფასოდ მატარონ თავიანთი სამხედრო მანქანით. გალის მილიციაში რამდენიმე საათიან ყურყუტს ავიტან კაცო. მთავარია დღის ბოლოს მაინც გამიშვებენ და ვინაიდან ჩემი სახლიც იქვეა, მეც ფეხით შევძლებ გადასვლას.” ასე უჯდება ჩემს ნათესავ პირობითად მერაბს ზუგდიდიდან გალში მგზავრობა არცერთი რუბლი. 🙂 🙂