მძიმე ხვედრი

Standard

Image

“შენც წამოდი რა ბაბუ! გეხვეწები რა” – მაგრამ ბაბუა უძრავად იდგა ჭიშკართან და აწყლიანებული თვალებით უყურებდა თეკოს. მისმა მუდარით სავსე სიტყვებმაც ვერ დაიყოლია თავის მიწა – წყალზე უზომოდ შეყვარებული ბაბუა. მანქანის კარი დაიხურა, ფანჯარაც აიწია, იქიდან მომზირალი შვილიშვილების მზერას ბაბუამ ვერ გაუძლო და თავი ჩაქინდრა. ბოლოჯერ შევხედეთ მას და ავტომობილიც დაიძრა. ჩვენ საკუთარ ქვეყანაში დევნილობა გველოდა, ბაბუას კი…

დარჩა სრულიად მარტო, რეგიონში თუ არა მთელს სოფელში მაინც. მიუხედავად ამისა არცერთი წუთით არ შეუპყრია შიშს. მას მისი ოჯახი უყვარდა, მისი კუთხე სტკიოდა და სწორედ ეს აძლებინებდა იმ რთულ პერიოდში დაცარიელებულ სოფელში. ყოველდღე გვითვლიდა ოჯახს, რომ არ ეშინოდა და ყველაფერი როგზე იყო. ჩვენი დევნილობის მეთორმეტე დღეს მამამ გადაწყვიტა მდინარე ენგურით სოფელში გადასვლა და როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა გაეწია ბაბუას მისი სამშვიდობოს გადმოყვანა.

ღია ჭიშკარი ცუდად ენიშნა მამას. ირგვლივ გამაყრუებელი სიჩუმე იდგა. ჭიშკრიდან სახლამდე გასავლელი გზა ბევრად უფრო რთულად ეჩვენებოდა იმ გზაზე, რომელიც მან ტყითა და მდინარით გამოიარა. ავისმომასწავებელი მინიშნებები ელვის სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს… სახლი ცარიელი იყო. მისაღებ ოთახში მაგიდა წაქცეული, რომლის ქვეშ მოყოლილი ჭიქები ნამსხვრევებად იყო ქცეული. მისთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო, მაგრამ ცდილობდა იმედი მაინც არ დაეკარგა. თხილნარისკენ გზას დაუყვა და შორიდან ბოსელთან მირჭობილ სისხლიან დანებს მოჰკრა თვალი. “დაღამდა”… გამოფხიზლებულ მამას ისღა დარჩენოდა ცხედარი ეპოვა, მაგრამ მისი ძებნის პერიოდმა შვიდი თვე მოიცვა.

გაირკვა, რომ ბაბუა 11 ოქტომბერს აწამეს საკუთარ სახლში. ერთი დღით ადრე მამას ჩასვლიდან. სამი თვის შემდეგ მდინარე ენგურში მოტივტივე მისი სხეული კეთილსინდისიერმა აფხაზმა მიწას მიაბარა. უცნობი ჯარისკაცების გვერდით ოთხი თვე იყო დასაფლავებული, რის შემდეგაც მამას ძებნამ შედეგი გამოიღო.

ჩემი ოჯახი დღესაც აფხაზეთში ცხოვრობს.ნაპარტახალ სოფლებსა და დანაცრებულ სახლებს შორის, მაგრამ ჩვენ არ მივატოვებთ ბაბუას საფლავს, არ მივატოვებთ მიწას, რომლის სიყვარულსაც მისი სიცოცხლე სასტიკი წამებით შეეწირა…

One thought on “მძიმე ხვედრი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s