ერთხელ!…

Standard

Image

– თუ შეიძლება ადგილი დამითმეთ! ფიქრებში გართულს არც მიმიქცევია თავიდან ყურადღება ამ სიტყვებისთვის, მაგრამ როდესაც იგივე სიტყვები მეორედ და უფრო მაღალი ტემბრით ჩამესმა, გონს მოვეგე, ავიხედე და ლამის დავიყვირე ისე შემეშინდა.თავზე საშუალო ტანის, შუა ასაკის ქალი მადგა, საკმაოდ გამომწვევად ჩაცმული, მაგრამ ჩემში შიში მისი გამომწვევი ჩაცმის სტილს ნამდვილად არ გამოუწვევა. მისი ცალი თაფლისფერი თვალი მე მიმზერდა და უკვირდა ამდენი ხანი რომ არ ვუთმობდი ადგილს. მეორე კი,სამყაროს აღსაქმელად საჭირო აუცილებელი ორგანო, რომელსაც უფრო ცისფერი დაჰკრავდა, ღმერთმა იცის საით იცქირებოდა. სწორედ მისმა სხვადასხვა ფერის თვალებმა გამოიწვია ჩემში უეცარი შიში. სხვა რა გზა მქონდა , ადგილი დავუთმე…აშკარად ფსიქიკურად ჯანმრთელი  არ იყო.მთელი გზა ფარულად ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, საიდან მეცნობოდა ასე ძალიან. მე ის ამ ამბიდან ერთი თვით ადრე, მარჯანიშვილზე ვნახე: მოკლე შორტებით, ღრმა დეკოლტიანი მაისურით, კიკინებით, ფერუმარილში ამოვლილი სახით, რათქმაუნდა სხვადასხვა ფერის თვალებით და ხელში „კოკა- კოლას“ 2 ლიტრიანი ბოთლით,რომელსაც სადაც იყო ჩაცლიდა. სწორედ ამ დროს ჩავუარე მას და უკან მოხედვის შემეშინდა, აგრესიული გამომეტყველებიდან გამომდინარე და შესაბამისად ვერ გავიგე თუ რა ბედი ეწია „კოკა – კოლას“ უკანასკნელ წვეთებს ამ ქალის ხელში, დალევდა აბა რას იზამდა. ახლა კი ის ჩემს ადგილზე იჯდა, რომელიც ძალის საშუალებოთ მოიპოვა და მადლობაც არ გადამიხადა.

ამ შემთხვევის შემდეგ თითქმის ყოველ კვირას მქონდა ამ ადამიანის ხილვის ბედნიერება: ხან ავტობუსში, ხან ქუჩაში, უზარმაზარი ცელოფნებით ხელში და ხანაც პარკებში. ზის და თითქოს გაზეთს კითხულობს, ვინც მიაჩერდება და გაკვირვებული უყურებს, რაც სავსებით ბუნებრივია, აგინებს, უარეს შემთხვევაში, ქვებს ესვრის.

ბოლო ნახვამდე ვფიქრობდი, რომ იგი ერთი ფსიქიკურად შერყეული და მსუბუქი ყოფაქცევის ქალია, რომელმაც არ იცის, თუ როგორ მოიქცეს საზოგადოებაში, არ იცის ადამიანური გრძნობების შესახებ, სიყვარული იქნება ეს თუ თანადგომა, მაგრამ ბოლო ერთი წელია მასზე აზრი შემეცვალა. ჩვენი ბოლო შეხვედრის ადგილი ისევ ავტობუსში შედგა, თუმცა ამჯერად მისთვის ადგილი არ დამითმია, უკვე ფეხზე ვიდექი და ამიტომ.სკამზე ხანში შესული ქალი იჯდა, რომელსაც დაახლოებით 5 წლის ბიჭი ეჯდა კალთაში, ბავშვი უნარშეზღუდული იყო, თუ არ ვცდები ცერებრალური დამბლით  დაავადებული. უცებ ვიღაც გვერდით დამიდგა და დაიხარა ბიჭუნასკენ. ეს ის ქალი იყო, რომელიც მე ჯერ კიდევ იმ წუთამდე უხეშად რომ ვთქვა უგულოდ მიმაჩნდა. ის ბავშვს მოეფერა, ჯიბიდან შოკოლადი ამოიღო და პატარას გაუწოდა. როდესაც მათი ჩასვლის დრო მოვიდა, იგი ადგა და ბავშვი ჩააყვანინა ქალს, რომელსაც იმ წამს ვერც ერთი მგზავრი ვერ მიხვდა, ჩემი ჩათვლით. ვიდექი და ნელ- ნელა მეცვლებოდა მასზე აზრი, რა უსამართლოდ ვექცეოდი, მისი გარეგნობის და ერთი შეხედვით უხეში საქციელის გამო, ბავშვური უვიცობიდან გამომდინარე. მისკენ რომ  მოვიხედე, თავი უფრო დამნაშავედ ვიგრძენი, ის ტიროდა და თავისთვის ბუტბუტებდა – როგორ შემეცოდა საწყალი ბავშვი, რა საყვარელია და რა ცოდოა, რომ ასეთ დღეშიაო.

ეს ქალი, რომლის სახელიც კი არ ვიცი, დღემდე მხვდება- ქუჩაში, ავტობუსსა, თუ ბაღებში, უკვე თბილად ჩაცმული, უამრავი პარკით ხელში, ხან გაბრაზებული, ხანაც მომღიმარი… მთავარი კი ისაა, რომ ამ თითქოს უხეში პიროვნების მიღმა, საოცრად თბილი და კეთილი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც ისევე იმსახურებს საოგადოების სრულუფლებიან წევრობას, როგორც ყველა დანარჩენი.

2010 წელი.

 

 

                                                                                            

სიკვდილით ხსნა

Standard

Image

ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, მაგრამ ხშირად საუკეთესო მეგობრებსაც მოსდით უთანხმოებები. იკამათეს, ისე რომ მალე ეს კამათი ჩხუბში გადაიზარდა. სიტუაცია ისე გამწვავდა, ერთ-ერთს უნდა დაეტოვებინა იქაურობა. გვანცამ დაავლო ჩანთას ხელი და კარი გაიჯახუნა. ტირილში და ნერვიულობაში ვერც მიხვდა, რომ შუაგზაზე მიდიოდა. ამ დროს სწრაფი სიჩქარით მომავალმა მანქანამ საჭე ვერ დაიმორჩილა და…

ის ჯერ კიდევ სუნთქავდა, ხედევდა როგორ დასტრიალებდნენ უცნობი ადამიანები თავს, შემდეგ საკაცეზე დააწვინეს და გვანცა ცდილობდა ექიმის თეთრი ხალათიდან მზერის სხვა დეტალზე გადატანას, მაგრამ ეს სითეთრე ჯიუტად არ ტოვებდა მის მხდეველობას. რამდენიმე წამში ხალათის უკან პერსპექტივაში არსებული მანქანის მინა, ექიმის წაბლისფერი თმა და ხელები, რომლებიც გვანცას თავზე ეფერებოდნენ მთლიანად შეივსო თეთრით და კადრიც გაჩერდა…

თეომ  გვანცას მშობლებს ყველაფერი მოუყვა, მათ კი გადაწყვიტეს, რომ გოგონა პანაშვიდზე არ მიეშვათ.

გვანცას სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ თეომ გარისკა და მის საფლავზე ასვლა გადაწყვიტა. ის ტიროდა, ებოდიშებოდა გვანცას. მიწას ხელით ეფერებოდა, მის ფოტოს საფლავის ქვაზე კოცნიდა. გული რომ იჯერა გარშემო მიმოიხედა. იქაურობა გვანცას ფოტოებით და მისი საყვარელი ნივთებით იყო სავსე.  მათ შორის კი მისი დღიური ერია, რომელიც თეოს პირდაპირ მაგიდაზე იდო. ბევრი არ უფიქრია ისე აიღო და გადაფურცლა…ეს დღიური ხუთი წლის იყო. გვანცა წერდა ბანკეტის ღამეზე, უნივერსიტეტის პირველ დღეზე, შეყვარებულზე, მის თეოზე. ყველგან ასე იხსენიებდა: “ჩემი თეო”… Image

რამდენმე დღე სასაფლაოზე სიარულის შემდეგ თეომ ბოლო გვერდი გადაფურცლა . იგი იმ ავბედითი დღით იყო დათარიღებული. ნაწერი კი ასე იწყებოდა: “სანამ შევძლებ დამალვას, არ ვიტყვი. მალე მოვკვდები. ლეიკემია მაქვს. მინდა სიკვდილით ვიხსნა ტანჯვა, რომელიც მომავალში მომელის. ბედნიერი ვიქნები სანამ ავადმყოფობა დამრევს ხელს მანამ მოეღოს ჩემი სიცოცხლის დღეებს  ბოლო! არ მინდა ჩემმა საყვარელმა ადამიანება ნახონ ჩემი წამება. მინდა ყველას დავშორდე, მინდა ყველას ჩემგან წყენა ახსოვდეს, რომ როცა მომიგონებენ თქვან, გვიყვარდა, მაგრამ ბევრი ცუდიც გვახსოვს მისგანო. შეიძლება ჩემი გადაწყვეტილება არასწორია,მაგრამ ამით მათ თითქოს გავუადვილებ უჩემობით გამოწვეული ტკივილის გადატანას, ბოლოს და ბოლოს დრო ხომ ყველაფერს კურნავს და მერე გვანცას ხსოვნაც დავიწყებას მიეცემა. დღეს თეოს უნდა დავემშვიდობო! ” დღიურს თეოს ხელიდან მიწამდე ერთი წამიც არ დასჭირვებია. ის ახლა გვანცას საფლავზე ეგდო, თეო განაგრძობდა ტირილს…

Image

ჩემი კუთხე წელიწადის ამ დროს

Standard

Image

კარგია როცა გენატრება, ასე უფრო ხვდები მის ფასს, თუ რამხელა მასშტაბებით არის იგი დამკვიდრებული შენს გულში. მისგან შორს ხარ, ის კი თითქოს ყოველ დღე გახსენებს თავს.გეპატიჟება მასთან. უკვირს ამდენი ხანი როგორ გაძელი რომ არ გენახა. ალბათ ეჭვიანობს დედაქალაქზე, რომელმაც ასევე ძალიან შეგაჩვია თავი. თბილისსაც ვერ ელევი, მაგრამ ხვდები რომ ფესვები გიხმობს. უკვე მეტისმეტია, გინდა იმ ნანატრი ჰაერის შესუნთქვა, რომელიც ენგურის ხიდთან იღებს სათავეს. სუფთა, უკვე ზამთრის სუნნარევი ჰაერი.

იქ უკვე ერთ კვირაზე მეტია თოვს და ცდილობ გაიხსენო ის ემოციები, რაც ამ ზამთრის სტიქიის სტუმრობას თან ახლდა, თუმცა თბილისიც ცდილობს არ ჩამორჩეს და თეთრ ლაბადას აფარებს არე-მარეს…

წყდები რეალობას და წარსულში ინაცვლებ, როცა სკოლისკენ მიმავალ გზას დაადგებოდი. მხოლოდ ძაღლის ნაფეხურებს თუ შეამჩნევდი. დილით  ტრანსპორტის საბურავის განუწყვეტელი ტრიალის კვალს ვერსად ნახავდი – თოვლში აზელილი მიწა მხოლოდ უკან მობრუნებისას გხვდებოდა, დილით? დილით კი თითქოს ზღაპრულ ბილიკზე მიაბიჯებდი. არე-მარეს ფითქინა ხალიჩა ეფინა და შენც ტოვებდი მასზე ორნამენტებს შენივე ნაფეხურებით… ეს ხდებოდა შენი ცხოვრების ნანატრ ეტაპზე, როცა ჯერ კიდევ მოსწავლე გერქვა და შენც ტკბებოდი ბავშვობის უდარდელი წლებით აფხაზეთში…

მალე საუკუნეს კიდევ ერთი წელი მიემატება. შენ კი ბედნიერი ხარ ჩემო თავო, რომ 2014- ს აფხეზთში შეხვდები…

“ნოტებს შორის პაუზა”

Standard

tumblr_mxe0fpHjDr1shx97fo1_500

სიტყვებს თავს ვერ აბამ, არა და გსურს რაღაც განსაკუთრებული თქვა. მოუსმენ მას და გონებაში დაგროვილი იდეების ზღვა ელვის სისწრაფით იწყებს დინებას სამეტყველო აპარატისკენ…

გინდა გარკვეულ სიტუაციას მეტი ტრაგიზმი შემატო, მაგრამ ეს მარილიანი სითხე ვერა და ვერ გადმოგდის თვალებიდან. მოუსმენ მას სევდიანს და ხვდები, რომ ეს სითხე საცრემლე ჯირკვლებში აღარ გეტევა…

ხარ უაზროდ კარგ ხასიათზე და სურვილი გაქვს დიდხანს გაგყვეს ეს განწყობა. მოუსმენ მას, ამჯერად რიტმულს, ენერგიულს და ისიც მზად არის და შესანიშნავად გამოსდის შენი აცეკვება…

ეს ის უხილავი ძალაა, რომელიც ამ ჯადოქარს, რომელსაც მუსიკას ეძახიან მუდმივად თან ახლავს. ძალას, რომელსაც შეუძლია ირეალურ სამყაროში გამოგზაუროს და დარწმუნებული ხარ, სანამ არსებობს კაცობრიობა, იარსებებს ისიც. შესაბამისად შენ არასოდეს იქნები მარტო, თუ გაიჩენ ისეთ ერთგულ მეგობარს, რასაც მუსიკა ჰქვია…

ვზივარ სავარძელზე, მეტროში, მუდმივად “გვერდში” მყავს ჩემი განუყრელი ყურსასმენი. ენერგიული მუსიკა გასაქანს არ მაძლევს, რომ არ ავცეკვდე, მაგრამ როგორ გინდა მეტროში? მეც ფეხების და თავის ქნევით ვკმაყოფილდები, ნეტავ სახლში ვიყო… ამ დროს გვერდით მჯდომა ქალბატონმა მიმახვედრა, რომ ეს ჩემი ოთახი არ არის და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავშეკავება მმართებს… ამ დროს კი ისევ მუსიკამ მიხსნა თავშეუკავებლობისგან. ჩაირთო ერთ-ერთი ჩემი საყვარელი კომპოზიცია ფორტეპიანოზე შესრულებული. ბევრი სევდაა ამ ჰანგებში, საოცარი გადასვლები, მელოდიურობა, რომელსაც შეუძლია ცამდე აგტყორცნოს. შენ კი ამ დროს დედამიწაზე ხარ და გესმის თუ როგორ ერწყმის  მეტროს ვაგონების ხმაურს მისი ჟღერადობა. ამჯერად ხელ-ფეხიც არ მიტოკავს , მხოლოდ თვალები მაქვს დახუჭული (იმედია ახლა მაინც არ დავიმსახურებ გვერდით მჯდომი ქალბატონის გულისწყრომას), ასე უკეთ შევიგრძნობ მუსიკას.

მატარებელი დიდუბეს უახლოვდება, რელსების გამაყრუებელი ხმაური, რომელიც გვირაბში მესმის აქ განეიტრალებულია და მეც ვეცემი ნეტარებას. უცებ ის მომენტი გამახსენდა ამ მუსიკაში  3:33 წამზე რომაა, მაგრამ მანამ თუ ისევ გვირაბში ამოვყავი თავი ვერც შევიგრძნობ მის ემოციურ ძალას ბოლომდე. 2:59 –  ცოტა ნელა იაროს რა 😦 3:15 – გვირაბში ვართ? არა საბედნიეროდ, პარალელურად კი ვფიქრობ იმ სევდიან თუ ტრაგიკულ პერიოდზე რაც გამომივლია, გამიგია და ა.შ. და აქაც მუსიკა შესანისნავად მანიპულირებს…

ამასობაში 3:30 და ველოდები პაუზას, რომლის შემდეგ ნოტები რიტმულად შეცვლიან ერთმანეთს და აი ისიც, როგორც იქნა ღია ცის ქვეშ დააფიქსირა ჩემმა სმენამ ის ეპიზოდი, რომელსაც “ნოტებს შორის პაუზა” შევარქვი და მატარებელიც მხეცივით შევარდა უკუნეთ გვირაბში… https://soundcloud.com/corkydorky/braveheart-piano-track მუსიკა გრძელდება, ცუდად მესმის, მაგრამ წამიერი სიჩუმე, რაც მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მოსმენილია, ასე რომ აღარ ვდარდობ… 🙂