დიდი ფელინის შემოქმედება (ნაწილი 2 – “კაბირიას ღამეები”)

Standard

Image

… და ამით არ იწურება ამ სასაცილო გოგონას (რომელსაც ჩაპლინი კაბაში შეარქვეს) თამაში ფელინის უკვდავ ქმნილებებში. გავა სამი წელი და ჯულიეტა მაზინას კვლავ მოუწევს მისი უსაზღვრო ნიჭიერების გადმოფრქვევა გადასაღებ მოედანზე.

სცენარი მეძავზე, რომელსაც გარემო აძლევს საშუალებას შეიცვალოს ცხოვრება, ფელინიმ აქცია ფილმად წმინდანზე, რომელიც მეძავობაშიც კი ინარჩუნებს ადამიანურ ღირსებას. ცხოვრების გზაზე, რომელიც კაბირიას აქვს არჩეული იგი უამრავ მამაკაცს ხვდება. ერთ – ერთი მათგანი კი მას სასიკვდილოდაც გაიმეტებს, ამაგრამ არა, კაბირიამ უნდა იცხოვროს, რათა კიდევ შეხვდეს მათ და თუ ბედი გაუღიმებს რომელიმეს ცოლი მაინც გახდეს, თუნდაც ამის სანაცვლოდ მოუწიოს სახლის გაყიდვეა, იმ სახლის, რომელიც მას ერთადერთ მფარველად წარმოუდგენია, პრინციპით – თუ გაქვს თავშესაფარი, ხარ დაცული. თუმცა მანამდე შევხვდებით მსახიობს, ჰიპნოზიორს და ბოლოს ოსკარს. სწორედ მსახიობთან საუბარში ვხვდებით, რომ ის უფრო ბედნიერია და შეუძლია იამაყოს ამ სახლით, ვიდრე მდიდარ მსახიობს სასახლით. იგი სწორედ ამ პატარა სახლის წყალობით არასოდეს არ გაათევს თავის პერანგთან ერთად ღამეს ქუჩაში, მაგრამ მოიცა მას ჰიპნოზიორის ენით ოსკარი ესაუბრება, სავარაუდოდ მორიგი მამაკაცი მის ცხოვრებაში. მარტო შესრულებულ ვალსში იგი ამბობს, თუ რა დასანანია რომ ადრე არშეხვდნენ ერთმანეთს, როცა იყო 18-ის, გრძელი შავი თმებით, რომლებიც ჰეროვნად ეყარა მხრებზე, თუმცა ოსკარს იგი ქერა მოკლე თმებითაც და 18 წლის ასაკს კარგად გადაცილებულიც ეყვარება. იგი ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადება. მას არ სჭირდება უკვე ორი მფარველი, ამიტომ დროა გაყიდოს სახლი და ეძიოს ბედი ოსკართან ერთად. კაბირია ემშვიდობება მეგობარს და უტოვებს ბეწვის მოსასხამს, რომელიც მასთან ერთად მეძავობის ჟამს ეცვა…

სურვილი დიდია ძველი ცხოვრების დავიწყების, მაგრამ იქმნება სიტუაცია, რომელიც ამ ძველ ცხოვრებასთან კიდევ ერთხელ დააბრუნებს… მას არ უნდა ეხსენებინა ჰიპნოზიორთან, რომ აქვს სახლი, ასე მის ცხოვრებაში ოსკარიც არ გამოჩნდებოდა და ისიც მისი ერთ-ერთი მამაკაცის მსგავსად არ მოისურვებდა კაბირიას დახრჩობას, მაგრამ ამჯერად ოსკარი მხოლოდ მის ფულით სავსე ჩანთას დასჯერდა და ქალი დატოვა სიკვდილის გარეშე…

ისტორია მეორდება, თუმცა ამჯერად კაბირია არ ხვდება სიკვდილს მდინარეში… იგი ახალ გზას დაადგება, სადაც ახალგაზრდა გზააბნეულ მუსიკოსებს წააწყდება… პატარა რომაელი მეძავი მარცხდება – მისი ოცნება შეიცვალოს ცხოვრება, ჰყავდეს ქმარი, შვილები და ისე იცხოვროს, როგორც უმრავლესობა, განუხორციელებელი რჩება. მაგრამ კაბირია აქ უფრო მეტს აღწევს, იგი ადამიანურობას აღვიძებს ავაზაკში, რომელიც მის მოკვლას გადაიფიქრებს. შესაძლებელია ამიტომაც ესალმება ღიმილით ახალგაზრდებს, იქნებ მათთან მაინც იპოვოს “თავშესაფარი”, თუნდაც მის პერანგებს ქუჩაში ღამის გათევა მოუწიოთ. მთავარია ამ გზაზე ის ბედნიერი ივლის. ის ახლა მათი წინამძღოლი ხდება…

http://www.youtube.com/watch?v=FfxSesYlN4Y

ნაოჭებით გამხელილი სიბერე…

Standard

Image

ის ახლა წამოწოლილია. მე ვზივარ და მის უძლურ სხეულს ვათვალიერებ. მისი დაკოჟრილი ხელები მუდმივად მიწვევენ მოსაფერებლად. ნაოჭები მის ერთ დროს ფაფუკ სხეულს დაუნდობლად ხაზავენ  და მახსენებენ, რომ ისინი მისი უკან მოტოვებული რამდენიმე ათეული წლის შედეგია. უფრო ხშირად მოწყენილი. ტკივილისგან თითქმის უსიტყვოდ ქცეული, მაგრამ როცა საუბრობს საოცარი სიბრძნე იფრქვევა მისი ბაგეებიდან, ცხოვრების გამოცდილებით დაგროვილი სიბრძნე.

ყველაზე დარდობს, ყველაზე ფიქრობს… ნორმალურად გადაადგილებასაც ვერ ახერხებს. მე კი როგორ მახსოვს ჩემს ბავშვობაში შვილებისა და შვილიშვილებისათვის თავდადებული ბებია, ოღონდ ჩვენთვის არეფრი დაეკლო და დაუღალავად შრომობდა, ღამეებს ათევდა, ყინვასა და თოვლს არ დაეძებდა. ახლა კი ამდენი შრომა ტკივილად ექცა და ჩვენ მხოლოდ მედიკამენტებით ვახერხებთ მის დახმარებას… მე კი ისევ მის წინ ვზივარ, თითქოს მხატვარი და მის პორტრეტს ვხატავ. შიგა და შიგ გამომხედავს, სევდიან თვალებს მომაპყრობს, ალბათ უკვირს ასე მშვიდად რომ ვზივარ და რაღაც ტექსტს ვჯღაბნი, მაშინ როცა თვითონ თავის ერთ-ერთ შვილიშვილზე ნერვიულობს, რომელიც სახლში ამოსვლას აგვიანებს.

აი, ახლა ტკივილისგან წამოხტა და ფეხზე ხელი მოიკიდა, თითქოს მას მისი მოშუშება შეეძლოსო. მერე მე გამომხედა, არ უნდა მაგრძნობინოს, რომ გაუსაძლისად სტკივა… მახსოვს ერთხელ ვთქვი , თუ მასავით მეტკინება არ მინდა სიბერეთქო. ალბათ იმიტომ, რომ არ ვარ ისეთი ძლიერი როგორც ის. არ შემწევს ძალა გაუძლო იმდენ გასაჭირს , რამდენსაც ბებო. საყვარელი ადამიანების, მათ შორის დედის დაკარგვას.

არ მინდა ვიფიქრო იმ გაპარტახებულ სიცარიელეზე, რაც მის ამ ქვეყნიდან წასვლას მოჰყვება. დილით მის მხარეს გადმობრუნებისაც მეშინია, სმენად ვიქცევი ხოლმე ოღონდ მისი ჩუმი სუნთქვა ჩამესმას. ისღა დამრჩენია ვინატრო, რომ დიდ ხანს მყავდეს, მაგრამ მისი სევდით სავსე, ჩემთვის ძალიან ძვირფასი თვალები მეუბნებიან, რომ ბებო დაიღალა ცხოვრებით…

Image

დიდი ფელინის შემოქმედება (ნაწილი 1 – “გზა”)

Standard

Image

ფედერიკო ფელინიმ გასაოცარი სიზმრების და პერსონაჟების მთელი სამყარო შექმნა, ეკრანზე გამოიტანა იშვიათი სანახაობა, ადამიანური ცხოვრების დეტალებისგან და ნამსხვრევებისგან წარმოადგინა უცნაური ისტორიები და მოზაიკა. შეიძლება ითქვას, რომ ფელინიმ კინოს სამყაროს “ფელინიზაცია” მოახდინა და მთელ მსოფლიოში თავისი კვალი აღბეჭდა.

მისი პირველი აღიარება იწყება ფილმით – “გზა”, რომელიც ადამიანის სულიერ სიმარტოვეს ასახავს. ჯულიეტა მაზინამ სიღარიბის გამო მოხეტიალე, ცირკისთვის მიყიდული სოფლელი გოგონა ჯელსომინა ითამაშა. ჯელსომინა მძაფრად, ავადმყოფურად განიცდის მისი და ძამპანოს სიმარტოვეს. უბრალოება, გრძნობათა ბუნებრიობა, უეშმაკობა და სიკეთე დაუპირისპირა უგრძნობი ძამპანოს დაუნდობლობასა და სიცრუეს.

3

იდეალურია მაზინას მიერ შესრულებული ჯელსომინა. მისი სიარული და კლოუნის ჟესტები, მტირალი და ამავე დროს მცინარი თვალები, გამოხედვაში გაყინული მუნჯი კითხვები და უძრავი ღიმილი სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში. ამ ფილმში მსახიობი რაღაც ისეთს ქმნის, რაც ბევრად აღემატება იმას, რასაც სამსახიობო ოსტატობად იცნობენ. გენიალურია – მისი თამაშის შესაფასებლად სხვა სიტყვა არ არსებობს!

ფილმში გმირები სიმარტოვისთვის განწირულნი არიან, რადგან მათ არ ესმით ერთმანეთის. რეჟისორი გვიჩვენებს, რომ ყოვედღიური კონტაქტი ჯერ კიდევ არ ნიშნავს ნამდვილ სიახლოვეს ადამიანებს შორის…

Image

დრო – ზოგჯერ სასტიკი, ზოგჯერ მკურნალი!

Standard

მიდის დრო. ვცხოვრობ მის გარეშე. მტკივა მის გარეშე. მენატრება… მინდა მისი ნახვა, ძალიან მინდა. დგება ეს ნანტრი წუთიც და გულზე მალამოდ მედება ჩემი მონატრებული აფხაზეთი. მეგებება ჩემი ქუჩა, ოჯახი, საყვარელი ძაღლი და იმ მომენტში ვგრძნობ ბედნიერებას მთელი სიმძაფრით. ვხვდები ახალ წელს აქ. ვცდილობ ოჯახთან გატარებულ თითოეულ წამს გავუფრთხილდე, თითოეული წუთი გავწელო, მაგრამ დრო ხომ არაფერს ინდობს და ჩემს სურვილებსაც უგულვებელყოფს. ორიოდე დღეც და ისევ ურბანული ცხოვრების წესისთვის მომიწევს ფეხის აწყობა. მე კი ისევ გამაწვალებს ჩემი კუთხის ნახვის სურვილი, მაგრამ ის დაუნდობელი “არსება” ხომ არსებობს და არსებობს. შესაბამისად ისიც არ შეანლებს დღეების, კვირების და თვეების გადაგორებას და მე ისევ გავხდები ღირსი ჩემი აფხაზეთის ხილვის!Image